ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო
ლაბორატორიები დაათვალიერა.
აღნიშნული საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი,
ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე
საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი
პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. INL-მა
და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ნარკოტიკებისა და უცნობი
ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს.
დეპარტამენტმა კრიმინალისტიკური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე
გადასაადგილებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან
„ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის 2 ავტომანქანაც მიიღო.
შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,
აჭარის მთავრობის წევრები, ევროკავშირის, მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების
საერთაშორისო ბიუროს და FBI-ს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
შენობა, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ
გადასცა.