უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრე საენკოსთან.
შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე საენკომ ხაზი გაუსვა 2018 წლის ივლისში, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან განხორციელებულ ნაყოფიერ შეხვედრას. მან ინტერესი გამოხატა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით და ამ კუთხით ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით მიმდინარე და სამომავლო რეგიონალურ პროექტებს. უკრაინის წარმომადგენელმა გამოთქვა იმედი, კიევში საქართველოს საელჩოსთან ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე ზემოხსენებული პროექტების ნაყოფიერი განხორციელების თვალსაზრისით.
ალექსანდრე საენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის და პირადად თავისი სახელით, მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მან ძალიან მაღალი შეფასება მისცა ორმხრივი ურთიერთობების დონეს, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და კავშირების განმტკიცებას.
შეხვედრა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უკრაინული მხარის მოწვევით ჩატარდა.