ქართული ოპოზიციის პროგნოზები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს დაემსგავსა და დიდი ხანია, რაც წელიწადში 12 თვეს ისვენებს, - ასე აფასებს ოპოზიციის "საზაფხული საქმიანობასა" და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ექსპერტი სოსო ცინცაძე და დასძენს, რომ "ქართული ოპოზიციის მარგი ქმედება ნულის ტოლია".
"ბოლო დროს მხოლოდ ოპოზიციის ორი წევრი აქტიურობს - ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძე, რომლებიც უფრო დისიდენტები არიან, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ოპოზიციონერები შემოდგომიდან ქარიშხალს გვპირდებიან, მაგრამ ასეთი ქარიშხლის მოლოდინში რამდენი ხანია ლელა კაკულიას უკვე ვყავართ, რომელსაც არ გაუმართლა და აპოკალიფსი არ დაიწყო. ასეა ოპოზიციაშიც: სულ რაღაცით იმუქრებიან. როგორც კაკულიას პროგნოზები აღმოჩნდა სასაცილო, ასე დაემართათ მათაც, ხან ქარიშხალს გვპირდებიან, ხან ცუნამის, გრიგალს, ტორნადოს და ამ პერიოდში კი "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდად, ნერვების აშლის გარეშე იგებს არჩევნებს. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალებს" ცოტა დარჩეთ გასაკეთებლი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ძლიერი ოპოზიციის გარეშე არც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და არც დემოკრატიული სახელმწიფო.
"დემოკრატიული სახელმწიფოს მზიდი კონსტრუქცია ჩინოვნიკების შინაგანი პატიოსნება კი არა, ძლიერი ოპოზიციაა, რომელსაც მათთვის შემაკავებელი როლი აკისრია. ჩვენთან ამ მხრივ შემბოჭავი არაფერია, ეს ადგილი ოპოზიციას უნდა ეკავოს, მაგრამ ოპოზიცია სად არის?! თუ მათი სიძლიერე განისაზღვრება აქუბარდიას ეთერში გაკეთებული განცხადებების ტონის სიმკაცრით, მაშინ ეს სულ სხვაა", - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას არა მხოლოდ ზაფხულში აქვს ერთთვიანი "არდადეგები", არამედ "დიდი ხანია, ქართული ოპოზიცია წელიწადში 12 თვეს ისვენებს".
"როცა ვამბობთ, რომ ცოტა ხნით ისვენებენ, ნიშნავს, რომ 11 თვეს დაიღალნენ მუშაობით და ახლა ისვენებენ. მაგრამ როდესაც ამ დროის განმავლობაში მათი აქტიურობის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია, მაშინ ეს შვებულება აზრს კარგავს. არჩევნებმა დაამტკიცა, რა არის ჩვენი ოპოზიცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი თავიანთ სისუტეს გრძნობენ, მაგრამ საკუთარი თავის გასამხნევებლად წინასწარ იძლევიან ავანსებს - "ჩვენ აუცილბლად გავიმარჯვებთ!", მაგრამ როდესაც შედეგი ნულია, ყველა ივიწყებს იმას, რატომ ვერ გაიმარჯვეს", - განაცხადა ექსპერტმა.