რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ოკუპირებულ ცხინვალში მიწვეულები არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ასევე სხვა ქვეყნების ლიდერები, რომლებიც იზიარებენ მოსკოვის აზრს: ვენესუელა - ნიკოლას მადურო, ნიკარაგუა - დანიელ ორტეგა და სირიის ლიდერი - ბაშარ ასადი.
გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ელიან ოკუპირებული აფხაზეთის „ხელმძღვანელს“ რაულ ხაჯიმბას, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, ასევე ე.წ. თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებს.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სურთ იხილონ არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი, არამედ პრემიერ მინისტრი - დიმიტრი მედვედევი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ფიქტიურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიერ საზღვრებს - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
გავრცელებული ინფორმაციით ღონისძიება დაგეგმილია 26 აგვისტოს. ინფორმაცია იმის თაობაზე, არიან თუ არა მზად გაეროს წევრი ქვეყნები მოინახულონ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჯერ არ დაზუსტებულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს "აღიარა". მოგვიანებით, მის მაგალითს მიბაძა მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ მათ რიცხვს შეუერთდა სირია: დამასკომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს "აღიარა".