გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ, საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების მაღალი ხარისხი.
"მოგესალმებით, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო! პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა. მინდა დაგარწმუნოთ, მე, ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული, დამთავრებული წარმატებული საგარეო პოლიტიკით. დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ მთავრობის განახლებულ პროგრამას, რომელიც ეფუძნება მმართველი პოლიტიკური ძალის - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გაცხადებულ ღირებულებებს. რა არის ეს ღირებულებები და რას ელოდება ხალხი მმართველი ძალისგან. ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს, რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ, საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების მაღალი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან", - განაცხადა ბახტაძემ.