ამერიკელმა კონგრესმენებმა ქვეყნის სამედიცინო მომსახურების სისტემის რეფორმის კანონპროექტს უყარეს კენჭი.
2 ათას გვერდიან კანონპროექტს, 220 დემოკრატის მხარაჭერით იქნა მიღებული, რაც დოკუმენტის მიღებისთვის აუცილებელ რაოდენობაზე 2-ით მეტია.
კანონპროექტის წინააღმდეგ 177 "რესპუბლიკელი" და ობამას 38 თანაპარტიელი წავიდა.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კენჭისყრის შედეგებს საკუთარ ოპონენტებზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამარჯვებად აფასებს, რადგან სამედიცინო მომსახურების სფეროში რეფორმების გატარებას ის თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს და შესაბამისად, მისთვის ნათელია, რომ ამ მიმართულებით მარცხი მისი ადმინისტრაციის იმიჯს მნიშვნელოვნად შეარყევს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 1994 წელს, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნა, კონგრესში დემოკატების მიერ კონტროლის დაკარგვის მიზეზი გახდა. აღნიშნულ კონტექსტში, ობამა მიისწაფვის შექმნას ისეთი სისტემა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაზღვევა ყველა ამერიკელს ექნება, მათაც კი, რომლებიც არ მუშაობენ.
ამჟამად სამედიცინო დაზღვევის გარეშე დაახლოებით 4 მილიონი ამერიკელია. საკითხთან დაკავშირებით მთავარი დავა იმაში მდგომარეობს, რომ ობამას ინიციატივით სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირება ხაზინიდან ხორციელდება. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს მათთვის მიუღებელია, რადგან რეფორმის იმ ფორმით გატარებისთვის, როგორი ფორმითაც ის ახლაა წარმოდგენილი, 1,2 ტრილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ გადასახიდს გადამხდელებს, ფაქტობრივად 1,8 ტრილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.
საკითხთან დაკავშირებით განხილვები სენატში გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ სენატში კანონპროექტის სხვა ვარიანტია წარდგენილი და თუკი სენატორები მას მხარს დაუჭერენ, მაშინ ამ ორი ვარიანტის შეჯერება და კენჭისყრის თავიდან ჩატარება გახდება აუცილებელი.