"ბერლინის კედლის დანგრევა არ მოხდებოდა შესაბამისი ნება საბჭოთა კავშირს რომ არ ჰქონოდა", - ამის შესახებ საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა '"იტარ-ტასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ საბჭოთა კავშირის "არც თუ მცირე სიმამაცე უძღოდა", თუმცა ბერლინის კედლის დანგრევით, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში ჰქოფდა, ყველა მხარემ მოიგო.
"რომ არ ყოფილიყო ჩვენთან გარდაქმნის პროცესები, რომ არ დაწყებულიყო დემოკრატიული ცვლილებები, ჩვენ არ წავსულიყავით დემოკრატიის გზით და ჩვენს ნაკვალევზე არ წამოსულიყო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რთული განსაჭვრეტია, რა მოხდებოდა... საბჭოთა კავშირს რომ არ სდომოდა, არავითარი გაერთანება არ იქნებოდა და რა მოხდებოდა არ ვიცი - შესაძლოა მესამე მსოფლიო ომიც დაწყებულიყო", - აცხადებს გორბაჩოვმა.
ამასთან, მისივე შეფასებით, ბერლინის კედლის დანგრევით გერმანიისა და რუსეთის, რომელთა შორის სისხლიანი ომი იყო, ფაქტობრივად, შერიგება მოხდა.
"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო", - დასძენს გორბაჩოვი.
გარდა ამისა, ინტერვიუში გორბაჩოვი აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის იმ დროინდელი ლიდერების პოზიციებსაც ახმოვანებს და იხსენებს, რომ გერმანიის გაერთიანება არც ერთ მათგანს სურდა.
"ფრანსუა მიტერანი წინააღმდეგი იყო გერმანიის გაერთიანების და აცხადებდა: ჩვენ ისე გვიყვარს გერმანელები, რომ გვსურს იყოს ორი გერმანია. ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერი, მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა: ჩვენ ისე გვიყვარს გერმანელები, რომ გვსურს არაფერს არ შევეხოთ და ყველაფერი იყოს ისე, როგორც არისო", - იხსენებს საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ გორბაჩოვის თქმითვე, გერმანიის გაერთიანება გარდაუვალი იყო.