გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ მიიღო საქართველოს რეზოლუცია ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით. რეზოლუციას მხარი 81 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 16 ქვეყანა, ხოლო 62-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება „ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის იძულებით გადაადგილება“
გაეროს გენერალური ასამბლეა "აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, "დემოგრაფიული სიტუაციის იძულებითი ცვლილების" დაუშვებლობის შესახებ.