ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ-ს ადვოკატის კახა პაპავას განცხადებით, გუშინ გამოძიება დაუკავშირდა მათ ექსპერტს და მოითხოვა ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა.
"საქართველოს პროკურატურას სურს, საქმეში ჩართოს კვალიფიციური პროკურორები აშშ-დან, აგრეთვე სურთ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალა გადაეგზავნოს შვეიცარიაში სპეციალური კვლევ ისთვის.ანუ იკვეთება გარემოება, რომ ინსტიტუციები, რომლებიც მოწოდებულია, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს და გამოკვეთონ ყველა გამოძიებაში სიმართლე, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართვა",-განაცხადა კახა პაპავამ.ადვოკატი დარწმუნებულია, ახალი არაფერი გამოიკვეთება.
"ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ის მასა, რომელიც მათ ექსპერტიზისთვის მიეწოდა, უკვე საკმაოდ დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, ახალი ვერაფერი გამოიკვეთება",-აღნიშნა პაპავამ. საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი მოზარდისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.