პრემიერმა უკვე ჩააფურთხა ჩემს შვილს სულში, აქ მოსვლით და სისულელეების მოყოლით, - ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის საგამოძიებო ჯგუფებს არ ენდობა.
„მე მაგათ აღარ ვენდობი. დაუყონებლივ დააპატიმრონ ყველა. შემდეგ განაცხადს ველოდები პრემიერის გადადგომაზე, რომელიც დღესაც ცდილობს ჩემს მოტყუებას. მე მაგათი საგამოძიებო ჯგუფების აღარ მჯერა. ადამიანმა, რომელმაც არაფრად ჩამთვალა იმას როგორ ვენდო. მოგვმართა პრემიერმა, თითქოს შსს აიღებს ამ პასუხისმგებლობას და გამოიძიებს. როგორ ვენდო შსს-ს, რომელსაც მივმართე თხოვნით, რომ მოესმინა ჩემთვის და არ მომისმინა, დღეს როგორ ვენდო. დაინგრეს სისტემა. მეორე განაცხადს პრემიერისგან ველით – გადადგომას. არავის მივცემ ჩემი შვილის სულში ჩაფურთხების უფლებას. პრემიერმა უკვე ჩააფურთხა ჩემს შვილს სულში, აქ მოსვლით და სისულელეების მოყოლით. რა უნდა გამოიძიოს შსს-მ, როდესაც ნივთმტკიცება განადგურებულია. გადამალული მასალები გამოაჩინონ და ამას გამოძიება არ სჭირდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.