ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მისივე განცხადებით, სწორი მიდგომაა ის, რა გადაწყვეტილებაც დღეს პარლამენტმა მიიღო.
„შეიქმნა საპარლამენტო კომისია და მგონია, რომ ესეც წაადგება ამ საქმის გამოძიებას, წაადგება ამ კონკრეტულ საქმეს, გავიგოთ რეალობა, გავიგოთ სიმართლე. თუ იყო ხარვეზები გამოძიებაში, ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს; თუ იყო ხარვეზები თვითონ სასამართლოში და გადაწყვეტილების მიღებაში, ესეც უნდა იყოს ცხადი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ რეალობა. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისიის მუშაობით და ასევე, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერი იქნება ცხადი.
ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის. მე კარგად მესმის თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი,” - განაცხადა კახა კალაძემ