სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
ის მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
„მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე ყოველ დღე სარწმუნო წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩემი შვილი სპეციალურადაა მოკლული. ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, გინდაც ეჭვმიტანილი, მე მას თავად დავახრჩობდი, თუ რამე ექნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული. სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ რა შემიძლია, ვინ არიან ჩემს ზურგს უკან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.