საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარლამენტი მოკლებულია ოფიციალურ ინფორმაციას, რომ განსაზღვროს, სად არის დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში თუ პროკურატურის საქმიანობაში.
მისი თქმით, ოჯახს ეჭვი აქვს გამომძიებლების მიმართ და რადგან არ შეიძლება, პროკურატურა იყოს ეჭვის ქვეშ, საჭიროა ეჭვებს პასუხი გაეცეს და პარლამენტს მოუწოდებს, უფრო თამამები იყვნენ პროკურატურის მიმართ.
„სისხლის სამართალს იმიტომ ჰქვია სისხლის სამართალი, რომ, როდესაც დაიღვრება სისხლი, იქ უნდა იყოს სამართალი. ბუნებრივია, რომ პარლამენტი მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ჩარევა. პარლამენტის კონტროლს ქვეშ არ არის სასამართლო ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვერ იღებს პასუხისმგებლობას სასამართლო ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ქუცნაშვილი და დასძენს, „ხომ არ სჯობს, უფრო თამამები ვიყოთ და პრინციპულები. ეჭვი ან უნდა გაქარწყლდეს ან უნდა დადასტურდეს“.