„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, თუ პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომიისის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად, ისინი პარლამენტიდან აქციაზე გადაინაცვლებენ.
ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ბიურის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც დღევანდელ სესიაზე ნომერ პირველ საკითხად ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩასმაზე გადაწყვეტილება არ მიიღეს.
„დღეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი პარლამენტიდან არის ის, რომ გადავდოთ ყველა საკითხი, რაც წერია და ის, რაც დღეს სტკივათ ჩვენს მოქალაქეებს, სამართალს და სახელმწიფოს, ამაზე ვიმსჯელოთ პარლამენტში. ამაზე მსჯელობას მოვანდომეთ ნახევარი საათი და ამაზე ვერ შევთანხმდით. კომისია არის რეალურად გამოსავალი, რომ პროცესი ქუჩიდან გადავიდეს კანონის ფარგლებში და პარლამენტში ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანი ასე იჩაგრება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამას ვერ მივაღწიეთ. კიდევ ვიტოვებ იმედს და დავაყენებთ სხდომაზე ამ საკითხს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გამოვალთ პროტესტის ნიშნად პარლამენტიდან და შევუერთდებით იმ აქციას, რომელიც არის ქუჩაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.