ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და ქვეყნის გამთლიანდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარებასთან" დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სირიის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამის გამო, ჩვენ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და არც დავყრით.
„აქ არ ვგულისხმობ მთავრობას მხოლოდ, აქ ვგულისხმობ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამგვარი უხეში დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, რომელიც ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არის დროებით მოვლენა. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს და ხელჩაკიდებულებმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენთ ან ვაძლევთ ხმას, სად ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველგან ხმა მივაწვდინოთ და გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა. ჩემი პერსონალური აზრია და დავამატებ, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, მწვავედ რეაგირებს სწორედ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაზე. რაშიც ჩვენ, კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, ვართ წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.