IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით ძალიან კარგია, რომ სამი ოპოზიციური პარტია ასწრებს უმრავლესობას და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი ფხიზლდება და "ქართული ოცნების" მზის ჩასვლა იწყება.
მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საგანგაშოა, რადგან საზოგადოების ნდობის რეიტინგით ბოლო ხუთ ადგილს "ქართული ოცნების" მიერ მართული სისტემა იკავებს: მთავრობა, პარლამენტი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია, პროკურატურა და სასამართლო.
"დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საგანგაშოა, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლო სისტემა, მას არავინ ენდობა, სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ამ კვლევაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ქვემოთ, ფსკერზე ანუ ბოლო ადგილზე სასამართლოა, რომელსაც არავინ ენდობა, გარდა ქართული ოცნების ბიუროკრატიისა ანუ პარლამენტის, მთავრობის და კიდევ ორი-სამი დაქირავებული ექსპერტისა. აი ამ მდგომარეობაშია ქვეყანა.
ყოველდრიურად ხდება ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მაგალითად, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნება დართო ვაკის პარკში უზარმაზარი სასტუმროს აშენებას და არც უზენაესი სასამართლოს იმედი გვაქვს.
პროკურატურა, რომელსაც ასევე საზოგადოება სრულ უნდობლობას უცხადებს ბოლოდან მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ, მერე მოსდევს მთავრობა, პარლამენტი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია ანუ ბოლო ხუთი ადგილი არის ქართული ოცნების მართული სისტემა.
პროკურატურას უნდობლობას უცხადებს საზოგადოება, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის გამოძიებით, რადგან არასვის სჯერა, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად.
იქ, სადაც ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირის ინტერესები იკვეთება საქართველოში სასამართლო არასდროს იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. სასამართლო ‘’გაიგდეთ ფეხქვეშ’’ და გახადეთ თქვენი საარჩევნო ინსტრუმენტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით თქვენ ზღუდავთ მედიას, ახდენთ ზეწოლას პოლიტიკურ ოპოზიციაზე და ფაქტობრივად იყენებთ დამატებით ბერკეტად ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ძალიან კარგია, რომ სამი ოპოზიციური პარტია ასწრებს უმრავლესობას და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი ფხიზლდება და ქართული ოცნების მზის ჩასვლა იწყება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.