საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.
„არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეადგენს 50 პროცენტს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ.
ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 27 პროცენტიდან, დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.