ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შეხვედრის ფარგლებში ხელს მოაწერენ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრმა, დაურ კოვემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის „კანონიერი“ ხელისუფლების მიერ ქვეყნის „აღიარებას“ დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული აფხაზეთისთვის.
ცნობისთვის, 29 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროებმა გამოსცეს კომუნიკე, რომლის თანახმად, სირიამ „აღიარა“ საქართველოს ტერიტორიების - ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა და განაცხადა მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.