საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული დახვდა, შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას მართავენ. მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.