დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია.
მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.
მისი თქმით, ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ეს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის.
„ის პირველი ორმხრივი ვიზიტით ეწვია საქართველოს, ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ეს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის, პოტენციალი დიდია.
განვიხილავთ ვიზიტისას საკითხებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებეს კულტურულ კავშირებს. ეს ეხება ჩვენს პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში დარწმუნებული ვარ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დღეს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
19:15 საათზე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.