ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული და შესაბამისი სიმკაცრით დასჯა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ.
მისი განმარტებით, ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ყველა ის მტკიცებულება მიმოიხილა, რაც საქმეში არსებობს.
„სამი საათის განმავლობაში სასამართლო ისმენდა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას და შესაბამისად, დაცვის მხარის შეფასებას ამ ნაწილში. ჩვენ მიმოვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს.
ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოდან ყველა სხდომის ოქმი და მოვახდინეთ მოწმეთა მიერ გაჟღერებული თითოეული სიტყვის აკრეფა და სასამართლოში წარმოვადგინეთ უშუალოდ ის ფრაზები, ზოგიერთი ფრაზა, უშუალოდ ციტატასაც კი წარმოადგენდა. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულებები და ფაქტის შემსწრე პირთა მიცემული ჩვენებები.
დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა, ბრალდების მხარემ გამოიყენა ის მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელიც არავის უთქვამს სასამართლო სხდომაზე, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და აღნიშნული შესაძლოა, განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ დაცვის მხარეს არ მოსწონს ესა თუ ის კონკეტული მტკიცებულება, რომელიც საქმის მასალებში მოიპოვება", - განაცხადა გოგოხიამ.
როგორც ის აღნიშნავს, ბრალდების მხარე სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს და კანონის შესაბამისად, ბრალდებულების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
"ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული და შესაბამისი სიმკაცრით დასჯა.
109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი ბრალდება, რაშიც ჩვენ ვითხოვთ მათ დამნაშავედ ცნობას. აღნიშნული ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თვითონ მუხლი კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც. თუმცა ამ შემთხვევაში გაიმართება ცალკე სასჯელის დანიშვნის სხდომა, სადაც გათვალისწინინებული იქნება მათი ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. სასამართლო განსაზღვრავს, რა სასჯელი უნდა გამოიყენოს", - აცხადებს გოგოხია.