პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კანონების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრა დახურული ფორმატით გაიმართა და მას საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, დისკუსიის ერთ-ერთი ძირითადი თემა “კულტურის შესახებ“ კანონსა და “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები იყო, რომელშიც არასამთავრობო სექტორი ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს.
“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება, თუ სად შეიძლება შეზღუდვა არ გავრცელდეს და როგორი შეიძლება, იყოს სტანდარტი. ასევე საუბარი იყო “კულტურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს კანონი ისე, რომ მან პრაქტიკაში პრობლემა არ შექმნას. გამოითქვა ვერსია, რომ აღნიშნულ კანონში კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გადმოტანა მოხდეს,“ - განაცხადა სალაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ამ თემებზე დისკუსია გაგრძელდეს. „როცა ვლაპარაკობთ კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაზე, აუცილებელი პირობაა ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც თავისთავად კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებს არ დაარღვევს. ბუნებრივია, როდესაც საუბარია ათეულობით კანონში შესატან უამრავ ცვლილებაზე, შეიძლება, ტექნიკური ხასიათის ცვლილებად ისეთი ცვლილება იყოს მიჩნეული, რომელიც თავისი არსით ტექნიკურ ცვლილებას არ წარმოადგენს. “კულტურის შესახებ“ კანონსა და “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს არ წარმოადგენს და, თუ პარლამენტში ინიციატორები თვლიდნენ, რომ ეს ტექნიკური საკითხები იყო, ვფიქრობ, ეჭვქვეშ აღარ აყენებენ, რომ შინაარსობრივ მხარესაც ეხება,“ - განაცხადა სალაძემ.
მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.