ფინანსთა მინისტრი ახალ საგადასახადო ცვლილებებს აანონსებს, რომლის პრეზენტაციაც ზაფხულში მოხდება, ხოლო ძალაში შემოდგომიდან შევა.
როგორც მამუკა ბახტაძე განმარტავს, განსხვავებული საგადასახადო მიდგომა იქნება სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით და მაგალითად ნედლი რძის წარმოება მოჰყავს. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოში ფერმერობა უნდა წახალისდეს.
„ზაფხულში დავაანონსებთ რამდენიმე რეფორმას, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. მინდა ავღნიშნო, რომ ნატურალური რძის წარმოებაში საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი. ვფიქრობთ, რომ განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი გვაქვს შესაქმნელი, რათა საქართველოში ფერმერობა იყოს წახალისებული“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
მინისტრი წლის ბოლომდე კიდევ ორ რეფორმასაც აანონსებს, რომლიდანაც ერთ ერთი ბლოკჩეინის მიმართულებით იქნება.
„ივლისის თვეში დავაანონსებთ ბლოკჩეინებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი სერვისის შემოტანას. არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგანაც ის ჯერ დამუშავების სტადიაშია“, განაცხადა ბახტაძემ.
მომავალი წლიდან იგეგმება ასევე საქართველოს ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე აქტიური მუშაობა და დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანა.
„2019 წლიდან დავიწყებთ და ბოლომდე მივიყვანთ იმ რეფორმას, რომელსაც ჰქვია საქართველოს ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება. უცხო ქვეყნის რეზიდენტებს მივცემთ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ჩვენს ქვეყანაში დაარეგისტრირონ ბიზნესი. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, აცხადებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მან ჯერ კიდევ ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს დაანონსა, რომ 2018 წელი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.
„1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მცირე ბიზნესის ბიზნესის წამახალისებელი რეფორმა ამასთან ერთად ამოქმედდა დღგ-ს დაბრუნების სისტემა. წლის მეორე ნახევრიდან გადავალთ დღგ-ს დაბრუნების ავტომატურ სისტემაზე.
1-ელი ივლისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება და ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა რეფორმა, რომლის მიხედვითაც 5 საგადასახდო დოკუმენტი დაიყვანება 1 დოკუმენტზე.
ამასთან ერთად ჩვენ ელექტრონულ და ციფრულ საბაჟო რეჟიმზე ვმუშაობთ“, აცხადებს ფინანსთა მინისტრი.