არ მგონია, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარება“ რაიმე საგანგაშო იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი არის სირიის სამხედრო მოკავშირე და შესაბამისად, მასთან სირიას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა.
მისივე თქმით, საქართველო ასადის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსად, სამხედრო მხარდაჭერას ვერ გამოუცხადებს, ამიტომ მას არ ჰგონია, რომ ეს ფაქტი ქართული დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს.
„ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა ანკლავად აქცია და სწორედ ისეთ მოკავშირეებს ეძებს საერთაშორისო სივრცეში, სადაც დიდად არ არის პატივცემული საერთაშორისო ნორმები, ადამიანის უფლებები. ამიტომ, არ მგონია, ამაში რაიმე საგანგაშო იყოს. რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ საქართველო გახდება ჩრდილო კორეის, სირიის და ისეთი სახელმწიფოების მოკავშირე, რომელიც არ ცნობს ადამიანის უფლებებს და გამოდის ძალიან საეჭვო პოლიტიკური დღის წესრიგით, ჩვენ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში გავქრებით. ყველასთვის მეგობარი ვერ ვიქნებით. საქართველოს აქვს სწორი საერთაშორისო არჩევანი გაკეთებული, არის თანმიმდევრული და ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა.