ჩემი სურვილია ახალი რეგულაციები 1 ივლისიდან ამოქმედდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას. მამუკა ბახტაძის თქმით, 2019 წლის 1 იანვრიდან ლომბარდები ისედაც ექცეოდნენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა მთავრობა მათ სთავაზობს, რომ თუ სურთ განაგრძონ საქმიანობა, განსაკუთრებით რეგისტრირებული ქონების ნაწილში (უძრავი ქონება, ავტომობილები) რეგულაციების ქვეშ „დღესვე“ უნდა მოექცნენ.
„სამწუხაროდ, იკვეთება კავშირი ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის. როცა ხდება კრიმინალური ფაქტი, ქურდობა, არსებობს შემთხვევები , რომ ეს ნივთი შემდეგ იყიდება ლომბარდში, ანუ ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის საშუალება, რაც არის მიუღებელი“, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ამ სახის საფინანსო ორგანიზაციას საქმიანობის გასაგრძელებლად ტრანსფარენტულობა დასჭირდება. „დღეს, ვინაიდან ეს სექტორი არაა ტრანსფარენტული, კრიმინალი იყენებს ამას“, - ამბობს მინისტრი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაინერგება ელექტრონული სისტემა, სადაც აღირიცხება ყველა ნივთი, რომელიც შევა ლომბარში, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ საშუალება აკონტროლონ რა ტიპის ნივთები ლომბარდდება. სისტემას კურირებას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც განთავსდება შენახვის ბაზა და სერვერი. “ჩვენი გათვლა ლომბარდის ბაზრის გადანაწილებაზე არის შემდეგი - ვისაც უნდა ტრანსპარენტულობა, დარჩება ბაზარზე”, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ მთავრობა არავის უკრძალავს ბიზნესის კეთებას, უბრალოდ, ითხოვს ბიზნესის კეთება მოხდეს გამჭვირვალედ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით.