სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს.
„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით. მეორე საკითხია, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ ავტორიტეტს, ისედაც საკმაოდ დაზიანებულს, მძიმე მდგომარეობაში აყენებს. რეალურად, რუსეთის პოლიტიკური მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი გარკვეულმა ქვეყნებმა ცნონ. შემიძლია, დარმწუნებული ვიყო, რომ სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს. ეს თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა. ამას ზეწოლასაც ვეღარ დავარქმევთ, ეს რუსეთზე დამოკიდებული ადამიანის გადაწყვეტილებაა. ეს ხელების ამოტრიალებით არ მოხდა, საკმარისი მიმართვა იყო და ისიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ სირია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ განცხადებას არანაირად არ იღებს“, – განუცხადა ვოლსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ცნობისთვის, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა.