ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშდა განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა, - ამის შესახებ საუბარია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.
„რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორი თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან როგორიცაა, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს.