ე.წ. ტერორისტების საქმეზე ადვოკატებმა დღეს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის შესახებ დადგენილება მიიღეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ ერთ-ერთი ბრალდებულის, რუსლან ალდამოვის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, აღნიშნული დადგენილება მათთვის მთავარ კითხვებს ვერ სცემს პასუხს.
„დღეს გადმოგვეცა ფურცელნახევრიანი, ფორმალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ფაქტია აღწერილი, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა ეს შემთხვევა. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ადამიანის გარდაცვალების მიზეზია დაწერილი. ჩვენ კი, გვქონდა მოთხოვნა, რომ დადგენილებაში უნდა ყოფილიყო აღწერილი ყველა ის გარემოება, რაც აქამდე გამოძიების მიერ იქნა დადგენილი. კომპლექსური ექპერტიზა ყველა საკვანძო საკითხს გასცემდა პასუხს, ამ დადგენილებაში საქმეში არსებული ჩვენებების დეტალური აღწერა უნდა ყოფილიყო. დაგდენილებაში უნდა მიგვეღო აღწერილობა, სადაც სპეცრაზმელის ჩვენება იქნებოდა, თუ რაში გამოიხატა საფრთხე და როგორ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ხელყუმბარის გახსნის მცდელობა. დადგენილებაში ჩვენების ეს მნიშვნელოვანი დეტალი უნდა ყოფილიყო. ჩვენ უნდა გამოგვეტანა დასკვნა, ეს ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები რამდენად შესაბამისობაშია ერთმანეთთან. თუმცა, ამის საშუალება კვლავ არ გვაქვს.
დღეს კიდევე ერთი იმედგაცრუება მივიღეთ და პირდაპირი პასუხი გაგვცეს, რომ დაზარალბულის სტატუს არ მოგანიჭებთ და არც ინფორმაციას მოგცემთ, ვერანაირ ჩვენებებზე ვერ გექნებათ წვდომაო. არც ინფორმაცია გვაქვს, არც დაზარალებულის სტატუსი.
საუბარი არ არის პერსონალური მონაცემების დარღვევაზე და საიდუმლობებეზე, ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სპეცრაზმელი როგორ აღწერს იმ ფაქტს, თუ როგორ სცადა თემირლან მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა, მაშინ როცა ეს ადამიანი ლოგინიდან წამომდგარიც საერთოდ არ არის?“, - აცხადებს კუბლაშვილი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრები აქციების გამართვას გეგმავენ.
„ბუნდოვან და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ეს ამბავი მიჩუმათდეს, ემოცია ჩაცხრეს და შესაბამისი რეზონანსი არ მოხდეს. თუმცა, ემოცია იმატებს. მე კბილებით მიწევს ამ ადამიანების დაჭერა, გამხნევება, რომ არ ჩამოვიდნენ და აქ სახალხო აქციები არ გამართონ. ახლა მარხვის პერიოდია, მაგრამ მერე ამას მართლა ვეღარ გადავიტანთ. ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 პირიდან, 4- ს ბრალი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაში, ხოლო 2 პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედება ბრალი, ერთ-ერთს, ასევე ბრალი ედება საქართველოში.