ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „საბინაო საექსპლუატაციო მომსახურების უბნის" დამფუძნებელი ტარიელ გულისაბედაშვილი, ამავე საზოგადოების ინჟინერ-ტექნიკოსი კონსტანტინე ხვედელიძე და ყოფილი თანამშრომელი მერი კეკელია.
გამოძიების ინფორმაციით, ტ.გულისაბედაშვილმა შპს "საბინაო საექსპლუატაციო მომსახურების უბანი" რეგისტრაციაში გაატარა 2003 წელს და ამ ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენდა ე.წ. „სამხედრო ბინების" კომუნალური მომსახურეობა, რასაც ეჭვმიტანილები ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის, შემდგომ კი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო-საექსპლოატაციო უბნის ე.წ.
"კეჩის" კუთვნილ ოფისში ახორციელებდნენ. 2003 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სტრუქტურა გააუქმა. ამის შემდეგ ტ.გულისაბედაშვილმა, კ. ხვედელიძემ და მ. კეკელიამ უკანონოდ გამოიყენეს ლიკვიდირებული ორგანიზაციის კუთვნილი ბეჭდები, შეუვსებელი ბლანკები, საბინაო დოკუმენტები და ერთ-ერთ მოქლაქეს ყალბი ორდერით, 1989 წლის 25 აპრილის თარიღით გაუფორმეს ბინა ავჭალის სამხედრო დასახლებაში, რაშიც მას 4500 აშშ დოლარი გამოართვეს.
მიმდინარეობს წინანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
210-ე და 362-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და სამ წლამდე ვადით.