დღეს, საუბნო კავშირების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მენეჯერები და საუბნო კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუბნო კავშირები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა გაერთიანებას წარმოადგენს. კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით საუბნო კავშირების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. პროგრამას ბათუმის მერიასთან ერთად განვითარების აკადემია ახორციელებს.
შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ ისაუბრა საუბნო კავშირის მნიშვნელობასა და მიზნებზე: „ჩვენ ვიმყოფებით პროექტის განხორციელების ფინალურ სტადიაზე. პროექტის ძირითადი ამოცანაა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემები, ამხანაგობების მიხედვით, მაქსიმალურად მოვიტანოთ მერიაში. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირება, შესწავლა და შეფასება, როგორც ტექნიკური განხორციელების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, არცერთი ეზოს, უბნისა თუ დასახლების პრობლემა, თუნდაც მცირე, არ დარჩეს უყურადღებოდ. პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ზრდის მოსახლეობის ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესსა და განსაზღვრაში, თუ რაზე უნდა იყოს დახარჯული მერიის სახსრები და ზოგადად მერიის ყურადღება ფოკუსირებული“. შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.