კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნარკორეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა.
“რაღაც საკითხებია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად კონსენსუსს მივაღწევთ. განსხვავებული პოზიციები ძირითადად ოდენობების თემას ეხება, კერძოდ, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, რაიმე კითხვა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს. გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ბერკეტები ამოქმედდება, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკომოხმარება დასჯად ქმედებად რჩება, პირადი მოხარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.