შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის მოადგილემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„პირველ რიგში შესწორება მინდა შევიტანო, ეს არ გახლდათ სპეცოპერაცია, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა. დღეიდან ამას ასე უნდა ვუწოდოთ.
იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს იყო ასე. რაც შეეხება მინისტრის მოსვლას პარლამენტში, ჩვენ ვართ მზად. მინისტრი მზად არის ღიად უპასუხოს ყველა შეკითხვას ამ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ასევე სამომავლო გეგმებსა და სამინისტროსთან დაკავშირებით.
ჩვენ ყველა თვალს ვადევნებდით როგორ მიმდინარეობდა ეს საგამოძიებო მოქმედებები და შემდგომ განვითრებულ მოვლენები. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში. ყველამ დავინახეთ ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო იქ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და არა უფლებების დარღვევაზე. ამ დრომდე უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი დაფიქსირებულა, მათ შორის არც სახალხო დამცველის ოფისში.
ინდივიდუალურად, თუ რომელიმე გადაცდომას ადგილი ჰქონდა ჩვენ მზად ვართ როგორც სახალხო დამცველის ოფისთან, ისე შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლოთ და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
პოლიცია ამ დღეებში ერთადერთი რასაც იმსახურებს ეს არის მადლობა ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან.
ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და
ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე, რომელიც მაქსიმალურად მკაცრი იქნება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, ხოლო ლმობიერი მიდგომებს გაითვალისწინებს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.
უწყებათაშორის კომისიაში ჩვენი პროექტი წარდგენილი გვაქვს. ჩვენი პროექტი მოხმარებასთან მიმართებაში ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.