"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია - ჩვენ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები ვართ, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება და შედარებით ლმობიერ მიდგომებს გაითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ," – ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, გააკეთა.
მისი თქმით, შსს-ს პოზიციაა, რომ თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, ამ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ.
“ჩვენ ეს ვთქვით გუშინ, ამას ვამბობთ დღესაც და ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები ვართ, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. მთელი რიგ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა, ჩვენი მოსაზრებები იმ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი, მიტანილი გვაქვს. მოხმარებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.