მივმართავთ ყველას, ვისაც აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 17 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გამოვლინება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი.
„ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საეკლესიო დღესასწაულისთვის სრულიად შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ, ჩვენ გვინდა, რომ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დღე.
ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან. მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გამოვლინება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.