ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და დეკემბერში გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, რომელშიც შს მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად უნდა მოხდეს.
„ძალიან დიდი იმედი მქონდა ბატონო მინისტრო, თქვენი კომენტარის შემდეგ, ჩემი შვილის სადისტი მკვლელები და ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მფარველები სამაგალითოდ დაისჯებოდნენ, მაგრამ იმედი იმედად დარჩა.
ჩემ შვილს ვერდიქტი გამოუტანა მკვლელებმა, პროკურატურამ და იმ პირებმა ვინც ცდილობდა ამ მკვლელობის მიჩქმალვას და სამუდამოდ გამოკეტეს მიწის ქვეშ.
თქვენი ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი კანონი ამ სისასტიკის ჩამდენ პირებს ასამართლებს და დავა მიდის ვის რამდენი წელი მისცენ და ამავდროულად მფარველობს იმ პირებს ვინც დააორგანიზა ეს დანაშაული,მფარველობს იმ პირებს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ინცინდეტში,მფარველობს ჩინოვნიკებს და მათ შვილებს.
საქართველოს კანონმდებლები დღეს იცავენ მკვლელებს და უბიძგებენ მკვლელობისკენ იქიდან გამომდინარე რომ ,არ დაისჯებიან თუ მათ გავლენიანი მამიკოები,დედიკოები და ოჯახის წევრები ყავთ.
ძალიან დიდი იმედი მქონდა“, - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.