ამ საკითხზე [ნარკოპოლიტიკაზე] გადაწყვეტილების მიღების დაგვიანებამ საზოგადოების შიგნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოზიციები საკმაოდ გაამწვავა. შესაბამისად, საპროტესტო ტალღა, რომელიც ქალაქის ქუჩებში ვიხილეთ, ამის გამოძახილიც იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე ვალდებულება აქვს, რომ გადაწყვეტილებები უფრო ჩქარა მიიღოს.
„არის თემები, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით, მაგალითად ის, რომ ნარკორეალიზაცია ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია, რომელთან ბრძოლა აუცილებელია. ამაზე ბუნებრივია, არავინ დავობს. ასევე ძირითადი ნაწილი იმაზეც არ ვდავობთ, რომ ნარკოდამოკიდებულების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გამართლებული არ არის და შედეგს არ იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ზიანი და ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა შემცირდეს. არის საკითხები, რომელზეც დისკუსია უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ყველაფერი სწრაფად და კომპრომისების გზით უნდა მოხდეს. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაგვიანებამ საზოგადოების შიგნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოზიციები საკმაოდ გაამწვავა. შესაბამისად, საპროტესტო ტალღა, რომელიც ქალაქის ქუჩებში ვიხილეთ, ამის გამოძახილიც იყო. სახელმწიფოს უკვე ვალდებულება აქვს, რომ გადაწყვეტილებები უფრო ჩქარა მიიღოს და შეთანხმებამდე უფრო სწრაფად მივიდეთ, ვიდრე ეს აქამდე მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ნარკოდამოკიდებულებისა და იმ ზიანის შესამცირებლად, სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი, ეს არის კანონპროექტის სულისკვეთება.
„მიდგომაა, რომ ნარკორელიზაციას ვებრძვით. თუ საჭიროა, მათ შორის სასჯელებსაც ვამკაცრებთ, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებისა და იმ ზიანის შესამცირებლად, სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი, ეს არის კანონპროექტის სულისკვეთება. ძალიან ბევრია ისეთი საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. დაწყებული იმით, რაიმეს დეკრიმინალიზება უნდა მოხდეს თუ არა. რა არის ის მინიმალური დოზა, რის შემდეგაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, საპატიმრო თუ არასაპატიმრო. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.