პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო და დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის დევიზია – „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.
აუცილებლად მინდა გამოვყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მიმოსვლა ჩვენს ხალხს არაერთ შესაძლებლობას უჩენს როგორც ევროპასთან კულტურული და ღირებულებითი სიახლოვის გასამყარებლად, ისე – ეკონომიკური თვალსაზრისით.
წარმატებით მიმდინარეობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ივლისში გაიმართება ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება ხაზგასმული საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობაში პროგრესი და ეს შესაბამისად აისახება დეკლარაციებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სულ უფრო მტკიცდება საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა და ამ საკითხში საქართველო სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თანადგომით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.
არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მივიჩნევ. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ერთდროულად შესაძლებლობებისა და გამოწვევის რეგიონი. ამიტომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ის უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და, იმავდროულად, ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.