ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეების დასაქმება.
„ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავიდა. უპრეცედენტოდ დინამიკურად ვითარდება ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ. ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებითაც უნდა აღმოიფხვრას დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული უთანაბრობა. ამას ისახავს მიზნად აგრეთვე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, საბაზრო ეკონომიკას მორგებული, თანამედროვე ცოდნით მოქალაქეების აღჭურვა და, რა თქმა უნდა, მოქნილი მმართველობის სისტემა.
სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა ჩვენმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მეტი ძალისხმევა და მეტი ტემპი გვჭირდება, რათა უფრო სწრაფად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც უმუშევრობა ჰქვია.
სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეების დასაქმება. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და ეს არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომაც, ჩემი მოტივაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ჯანსაღი, ხელსაყრელი და კონკურენტული, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რომ დამწყები ბიზნესი იყოს წახალისებული და ახალგაზრდებში ამაღლდეს სამეწარმეო სულისკვეთება.
მე მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით დავძლევთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.