პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს.
"აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა სწორედ გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია; უუნარობა, ქვეყნისათვის ავბედით ჟამს მიეღო სწორი გადაწყვეტილება; უუნარობა არ დაეწყო წინასწარ წასაგებად განწირული ომი; უუნარობა, ემოქმედა ეფექტურად, დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა. ხელისუფლების ნაბიჯებს ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, რომელთა ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრით. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია მსგავსი მსხვერპლი აღარ დავუშვათ. საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს და როდესაც ამას ვაცხადებთ ჩვენ ჩვენს ქართველ, ოს და აფხაზ შვილებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ისინი ყველა გვტკივა!", - ნათქვამია განცხადებაში.
ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის შეფასებით, აგვისტოს ომმა კიდევ უფრო ჩატეხა ის ხიდი, რომელიც ქართველ ხალხს აფხაზ და ოს ხალხთან აერთიანებდა.
"ჩვენ, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ჯერ კიდევ 2008 წლის 23 ნოემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განვაცხადეთ, რომ ჩვენ პირველ რიგში აფხაზი და ოსი ხალხი უნდა დავიბრუნოთ. მხოლოდ ამ გზით გავამთლიანებთ ქვეყანას. დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ ბიჭებს ერთად დავიტირებთ და ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ ჩვენი ერთად ყოფნით აღარასოდეს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის განმეორებას. ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ხალხმა ერთად უნდა გამოვნახოთ ჩვენში ძალა დავძლიოთ გაუცხოება, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტკივილი. მხოლოდ ასე ავაშენებთ ჭეშმარიტად ღირსეულ და ერთიან სახელმწიფოს", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.