ჩვენი ბრძოლა, ჩვენი შრომა ვერ დასრულდება სანამ არ დასრულდება ყველა ადამიანის დევნილობა საქართველოში, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 7 აგვისტოს განმუხურში, სადაც მან "თავისუფლების ბულვარი" გახსნა. მისი თქმით, სანამ ყველა დევნილი ღირსეულად არ დაუბრუნდება თავის სახლს, "არ ვიქნებით ბოლომდე თავისუფალანი".
"2008 წელს ჩვენ დავიცავით ჩვენი თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე შესრულებული და ამოწურულია. განმუხური არის საქართველოს სიმბოლო. განმუხური დღეს, მართლაც, საქართველოს სიმბოლოა. არის ერთი მხარე, რომელიც შენდება, რომელიც ფეხზე დგება და არის მეორე მხარე, რომელიც არის საოკუპაციო კედლის მიღმა და ოკუპირებულია. დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი არის ჩვენი მიწები, რომელიც დაიკავეს. დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი არიან ის ადამიანები, ვინც დევნილები გახდნენ საკუთარ სამშობლოში მხოლოდ ერთი რამის გამო _ იმიტომ, რომ ისინი არიან ქართველები. იმიტომ, რომ ისინი არიან პატრიოტები", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ბრძოლა და შრომა ვერ დასრულდება სანამ არ დასრულდება ყველა ადამიანის დევნილობა საქართველოში. სანამ ყველა დევნილი ღირსეულად არ დაუბრუნდება თავის სახლს.