ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური მატჩი დღეს 14 აპრილს გაიმართება.
„თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი,როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე,აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა,რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.
მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, კალაძის ინიციატივით, აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის იმავე მოედანზე, ამხანაგური მატჩი გაიმართება.
შეგახსენებთ, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.