კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განაცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი საჩხერის რაიონს სოფელ პერევს წლის ბოლომდე დატოვებს.
"რაც შეეხება პერვეს მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წლის ბოლომდე დატოვებს. ამ ეტაპზე პერევს არა მარტო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ასევე ფარის ფუნქციასაც ასრულებს. კერძოდ კი, დღემდე ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემავალი ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ პერევის საშუალებით ხდებოდა. ახლა სოფელ სინაგურტან შემოვლითი გზა შენდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პერევი სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს", - განმარტა არეშიძემ.
მისივე შეფასებით, პრევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას რუსეთისთვის მორალური თვალსაზრისიც აქვს, რადგან დასავლეთის თვალში დემონსტრირებულ ნაბიჯს გადაგამს და ქართულ ტერიტორიას გაანთავისუფლებს.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებულ ახალგორის რაიონს, ექსპერტის შეფასებით, რუსეთი ქსნის ხეობიდან ჯარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყვანს თუ დასავლეთი შესაბამის ენერგიულობას და სურვილს გამოიჩენს.
"ახალგორთან დაკავშირებით ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, რადგან იქ რუსეთმა ბაზების სერიოზული ინფრასტრუქტურა შექმნა და სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთი დიდ სამხედრო გარნიზონად აქციოს. მართალია ამაზე ძლიერი გარნიზონებიც მოუშლია მოსკოვს აღმოსვალეთ ევროპაში და ამასაც მოშლის თუ დასავლეთი შესაბამის ენერგიულობას და სურვილს გამოიჩენს", - განაცხადა არეშიძემ.