რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისათვის სამხედრო დამნაშავეა და მოსკოვი მასთან მოლაპარაკებებს არასოდეს დაიწყებს.
"ჩვენ არ გვაქვს პრობლემები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ პრობლემები გვაქვს სააკაშვილთან, რომელსაც ჩვენ სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ. სწორედ მან გასცა ბრძანება რუსი სამშვიდობოების განადგურების შესახებ. სააკაშვილთან არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება. საქართველოდან მოდის ლტოლვილთა ნაკადი, საქართველოში ხდება პოლიტიკური მკვლელობები. შემიძლია დავასახელო ათობით სახელი იმ ადამიანებისა, რომლებიც სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს. ამ რეჟიმთან რუსეთს არაფერი ესაქმება", _ აცხადებს მაქსიმ შევჩენკო.
მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა სწორეთ თბილისს ეკისრება.
"საქართველოს ტერიტორიაზე არ მუშაობს არც ერთი რუსული არხი. იქ არ უშვებენ იმ რუს ჟურნალისტებს რომლებიც აკრიტიკებენ სააკაშვილს. ხოლო ის ჟურნალისტები რომლებსაც საქართველოში იღებენ - იულია ლატინინას მსგავსებს კრემლის უმწვავეს ოპოზიციონერთა რიგებში დგანან.
მეტიც, რუსი ჟურნალისტი საქართველო-რუსეთს შორის მომხდარ საბრძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას დასავლეთის ქვეყნებსა და ისრაელს აკისრებს.
"ქართული არმია ისრაელის იარაღით იყო შეიარაღებული. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციას ისრაელის ორი გენერალი გეგმავდა და სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ქართული არმიის სამხედრო შტაბს", _ აცხადებს შევჩენკო.
შევჩენკო ასევე აცხადებს, რომ არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ კავკასიაში საერთაშორისო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ არ არსებობს. ამისა დასტურად შევჩენკო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულ მინსკის ჯგუფს ასახელებს და ამბობს, რომ "მათი მუშაობის შედეგად ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ მილიმეტრით ვერ წაიწია წინ". რუსი ჟურნალისტის აზრით, კავკასიაში მთავარი მოდერატორები აშშ და ევროკავშირი კი არა არამედ - რუსეთი, თურქეთი და ირანი უნდა იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები