„რესპუბლიკური პარტია“ რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"რესპუბლიკური პარტია" მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებულ, მართალია, დაგვიანებულ, მაგრამ მნიშვნელოვან რეზოლუციას "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ.
"რესპუბლიკური პარტიის აზრით, აღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს ზენაციონალურ და მრავალპარტიულ დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს სახელმწიფომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უნდა იხელმძღვანელოს უწყვეტი საერთაშორისო მხარდაჭერის, რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს დეოკუპაციისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში.
რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის "ოკუპაციის", როგორც უპირველესად სამართლებრივი სტატუსის, გაზიარება, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებიდან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში.
აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი და ოკუპაცია ერთი მედლის ორი მხარეა, როგორც ეს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნდა:
- 1978 წელს, როცა მან დამფუძნებელ დოკუმენტში საქართველოს დამოუკიდებლობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა;
-1994 წელს, როცა საქართველოს დსთ-დან გამოსვლას და ე.წ. "რუსეთის სამშვიდობოებისთვის" ოკუპანტის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვდა;
-2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" საქართველოსგან დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მაგრამ საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განალაგა;
-2018 წელშიც, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკვე ათი წელია არ ასრულებს არცერთ მის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელთაც ითვალისწინებს ე.წ. "სარკოზის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."
რესპუბლიკური პარტიის აზრით, ე.წ. "ჟენევის პროცესი" წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ მხარდაჭერილ, პროცესს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომელზეც საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს რუსეთისგან ვალდებულებების აღება ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ძალის არგამოყენებაზე, და საქართველოს შიდა საკითხებში არჩარევაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და სახელმწიფოებრივ განვითარებაში.
რესპუბლიკური პარტია არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის კარნახით საქართველოს მიერ ვალდებულების აღებას "ძალის არგამოყენებაზე" ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, რადგან უკვე 2009-2010 წლებში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ გაეროსა და ეუთოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წინაშე აიღო ვალდებულება ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრაზე.
რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მშვიდობაზე ორიენტირებული დიალოგის ერთგულია, რაც გულისხმობს ადამიანთა უფლებების ურთიერთპატივისცემას და მნიშვნელოვან როლს ანიჭებს "სახალხო დიპლომატიას," საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების ხელშეწყობას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით.
აღნიშნული რეზოლუციის საფუძველზე, რესპუბლიკური პარტია ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს ხელშეუხებლობას და დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმებით აღდგენას და ყველა ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით ერთიანი ქართული სახელმწიფოს განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.