22 მარტს, თბილისი მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე - 2018“-ს უმასპინძლებს.
პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართება. ერთ სივრცეში თავს მოიყრის 100-ამდე ახალგაზრდა მეწარმე და სტარტაპერი, რომელთათვისაც მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ახალია. „მეწარმეთა სივრცე 2018“-ის მიზანია, საშუალება მისცეს დამწყებ მეწარმეებს, რომ საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებლებს პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ. ასევე დაგეგმილია სხვა წამახალისებელი აქტივობები, როგორც სტუმრებისთვის, ისე მონაწილეებისთვის. ფესტივალზე დაჯილდოვდებიან ის ახალგაზრდა მეწარმეები, რომლებიც პროგრამა „Yes Georgia“-ს ფარგლებში დაფინანსდნენ და წარმატებით უძღვებიან საკუთარ ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით.
გამოფენაზე მონაწილეობა უფასოა და მას ორგანიზატორი პროგრამა „Yes-Georgia“ აფინანსებს.
„მეწარმეთა სივრცე - 2018“ "საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამას ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად.
პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.