ოსმა სეპარატისტებმა დაკავებული ქართველი მოზარდების დაკითხვისა და აღიარებითი ჩვენების მიცემის კადრები ცხინვალის ტელევიზიით გაავრცელეს. ალეკო ცაბაძეს, ლევან ხმიადაშვილს, ვიქტორ ბუჩუკურსა და გიორგი რომელაშვილს დღეს ოსი სეპარატისტები გაასამართლებენ.
ოსი სეპარატისტების მიერ დღეს ცხინვალის ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია ორი მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულ ქართველ მოზარდს ქურდობაში სდებს ბრალს. მასალაში ნაჩვენებია ისიც, თუ როგორ მიჰყავთ სეპარატისტებს დაკავებული ბავშვები მათ მიერ კონტროლირებად სოფელ ფრისში და როგორ "პოულობენ" იქ ზურგჩანთას, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება და ხელყუმბარებია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ქართველი მოზარდი ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ 4 ნოემბერს ჩაიგდეს.