თითქმის 9-თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უკვე წარმოთქვეს. ბრალდების მხარეს გამამატყუნებელი განაჩენის მოლიდინი აქვს. აღნიშნულის შესახებ პროცესის შემდეგ „ჯი-ეიჩ-ენს“ საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.
„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგინეთ სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვა და დანაშაულის ჩადენის სქემა, სადაც დეტალურად მიმოხილულ იქნა ყველა მტკიცებულება, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის მსვლელობისას გამოკვლეულ იქნა, შესაბამისად მოხდა მათი შეჯამება, შეფასება და ანალიზი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი, დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა. მიგვაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება ერთადერთი, კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით“, - განაცხადა ქვარცხავამ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მარტს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. ხვალ მხარეები რეპლიკით ისარგებლებენ. ხვალინდელ სხდომაზევე გახდება ცნობილი, თუ როდის გამოაცხადებს აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი.
ბექა კირვალიძეს წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტები, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. არტემ აგაჯანოვს წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი , ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე. ზურაბ ქუთელიას წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.