ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს. მათ დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შეხვდნენ.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ზუსტი თარიღი უცნობია.