თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყოფილი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო ურთმელიძე 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ურთმელიძეს გადახდილი ჯარიმის თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს. ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს მის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდაც დაეკისრა, რაც სასამართლო ბაჟის თანხაა.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ურთმელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.
„თანამდებობის სხვა პირებთან ერთად მოვხვდი შესამოწმებელ დეკლარანტთა სიაში და ჩემი დეკლარაციაც, მსგავსად უმრავლესობისა შეფასდა უარყოფითად და დავჯარიმდი 1000 ლარით, აღსანიშნავია, რომ როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, სხვა შემთხვევებშიც, დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ მისი მიჩნევა ისეთ გადაცდომად, რომლისათვისაც სანქციად უნდა გამოყენებულიყო 1000 ლარით დაჯარიმება აშკარად არ შეესაბამებოდა არც მონიტორინგის მიზნებს და არც სამართლიანობის პრინციპებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ცდომილება ტექნიკური დარღვევის ხასიათისაა ან განპირობებულია გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.
სწორედ იმიტომ, რომ დაჯარიმების დროს არ არსებობდა ჩემი უფლებების დაცვის სხვა ალტერნატიული საშუალება, გარდა სასამართლოსთვის მიმართვისა, ჩვენს მიერ მომზადდა ადმინისტრაციული სარჩელისაჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული განკარგულების ბათილობის მოთხოვნით.
2018 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამდააკმაყოფილა, ჩემი ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობას, რომლითაც დავჯარიმდი 1000 ლარით ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო. მიუხედავად, იმისა, რომ მე თავიდანვე არ დავეთანხმე აღნიშნულ ჯარიმას, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მაინც გადავიხადე ჯარიმა“, - განაცხადა ურთმელიძემ.
ურთმელიძე მიესალმება პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, რომლის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს „დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობა“ ემატება. ამავე პროექტით იცვლება დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისას განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა – ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებისა, თანამდებობის პირი დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობით, კერძოდ, 25%-ის ოდენობით. თუმცა, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც იქნება 500 ლარი.