დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, 51-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაიკითხება.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოსწავლე, რომელიც დღეს დაიკითხება, მომხდარი ინცინდენტის ერთ-ერთი თვითმხილველია.
„დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაიკითხება 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის დაკითხვაც წინა პროცესზე ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სხვა მოწმეებსაც წარმოადგენს, თუმცა მათი ვინაობა დაცვის მხარისთვის უცნობია. დღევანდელ მოწმესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ბევრი კითხვა გვექნება, ვინაიდან ის მნიშვნელოვანი, უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეა. ვკითხავთ თუ რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, როგორ განვითარდა მნოვლენები და ა.შ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე მაჭარაშვილმა პროცესის დაწყებამდე.
შეგახსენებთ რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.